ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

1244. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, და დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1245. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; სთქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, და წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

1246. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა; ყმა ნამუსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, და ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1247. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, და გული ხელ-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1248. ავთანდილ მალვით ცრემლსა ჰსწვიმს, ჰსდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მჰახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1249. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია, – და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1250. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები; და ”რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1251. ავთანდილ სთქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1252. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, და შემოსცინა: “აგრე ჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1253. ფატმან მისა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” და თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1254. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, და ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1255. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა, იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მოხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მიჰსცა მისისა ნოხისა, და ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1256. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, და ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1257. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1258. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1259. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მიჰნახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1260. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხვის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ-ნაფუშავისა.

1261. “მოდი და ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუ–თუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუ-თუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1262. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1263. ფატმან სთქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მორანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!