ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

1185. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძს ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი, და რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1186. “კვლავცა იტყვის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუ–თუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1187. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.

1188. “არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მენუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, და თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1189. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, – თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე ჰსჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, და მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1190. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მიჰსცა, უთხრა გამომიღეთ, გიაჯები გულ-მხურვალი, და მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი.

1191. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა, – და ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1192. “რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შეჰსდის და გაჰსდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, და კვლავ აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1193. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, და დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩასანთქმელი.

1194. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა. გაველ, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა, და შინა ყოლა არ შემომყვა,რად მაწვეო შემანანა.

1195. “მიჰბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა, – მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, და ვირემდის ჰსცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

1196. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედან შევსვი მხიარული, არ მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, და წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვთესი.

1197. “დღე მიიყარა, ხმა გაჰხდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, და მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი.”

1198. “მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; დახედენ დარბაჰზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, და მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1199. “მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო, საქმე კვლაცი. აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1200. “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, და ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტოს ერთი თასი!

1201. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, და აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად!

1202. “დამექადდის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულიყო, მოსლვა ესთქვა შენცა მოხვე, შემეშინა, და ამად გკადრე, ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა.

1203. “აღარ დაბრუნდით, მოხველით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, და იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1204. “თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, და შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა.