... (Q-622), XIX ს.

1253. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ანბავი თავისა ანბავი ტარიელისგან შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1254. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველანი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1255. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1256. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება საქმენი მომხუდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1257. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1258. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე კულავ ერთგან შენათხზენაო

1259. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1260. მოსულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ანბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1261. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ანბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წურილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1262. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1263. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუჴლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხუდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1264. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1265. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა სალამი მისისა სასურველისა

1266. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1267. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1268. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1269. მონასა ჰკითხა მიანბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედან მტკებნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1270. ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ანბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1271. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყოველი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა