ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

1068. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! სთქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

1069. სთქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერდ ტკბილად არ უმღერია. უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, – რა უსთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1070. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა; რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა.

1071. “ისი დიაცი აქა ზის, მჰნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუ თუ რა მარგოს, მე მისი გარდაჰხდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1072. სთქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1073. კვლავ იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანისადმი პასუხად მიწერილი.

1074. „მოგეწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება, შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1075. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1076. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1077. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუ-წვევითა. ფატმან ჰზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ჰნახა შესლვითა, შევითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1078. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ჰნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1079. ფატმან რა ჰნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი-და-მო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1080. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1081. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შეჰქმნა თავის-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; სთქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაყარნი!”

1082. მოსთქვამს: “მოვკალ, ვაჲ ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ გაზრდილნი; ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1083. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული; რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1084. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1085. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, – ხვაშიადის ვერ დაჰმალავს – უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1086. ორისაგან ერთი ჰქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.