ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

1051. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1052. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1053. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა, სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1054. ზარი გახდა, შემოკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს:– “ვუჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული.

1055. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1056. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ-პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1057. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; ჰსვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1058. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, აჰკიდა, გააწევინა; “თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1059. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა.

1060. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1061. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1062. “მიღმა ვუთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს; თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს; ვსთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს, – მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს”

1063. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, უსტარი შესაჰნახავი, არ ცუდათ დასახეველი.

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი.

1064. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, – მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1065. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ ჰკრთებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჰსჭკნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1066. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1067. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტჰკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს!”