ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

1032. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ჰნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1033. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე; გვიქნია აქა ყრილობა”.

1034. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა, მე რა ვარ, მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1035. “მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1036. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი; საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.

1037. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი”, თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

1038. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1039. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომ გავიდა.

1040. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ჰნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!

1041. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1042. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1043. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1044. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1045. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1046. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1047. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1048. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1049. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1050. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.