ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1144. რა მეფემან უსენს წინა ჰსვა მრავალი დოსტაქანი. კვლა შეჰსვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! – მართლა თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.”

1145. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა.”

1146. თაყვანი სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის? ოქრო თუნდა საჭურჭლეო? – დედის მუცლით რა გამომყვა? – მბოძებია თქვენგან მეო.

1147. ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მზგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა.”

1148. რას ვაგრძელებდე, გასტეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1149. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია, შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავჰკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია.”

1150. მისალამეს, “ფატმან”, – მითხრეს – „ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა,“ ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვით ეცა გორა გორთა.

1151. მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი,” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1152. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ სრულად; ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1153. მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია.”

1154. თვალთა, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი: ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი; მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1155. შევე საჭურჭლეს; რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა; მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1156. ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი;” მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი, ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გაჰხდა ზარი; იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1157. ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გაჰხდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები, იგი რა ჰნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1158. ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შეჰქმნნა თვალისა მფახველად, მეფემან ჰბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღვთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად! მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

1159. გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1160. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1161. მეფე ჰბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების;

1162. ანუ არის ბრძენი ვინმე; მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედან-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი; სხვაგან არის, სხვაგან ჰფრინავს, გონება უძს, ვითა ტრედი.

1163. ღმერთმან ჰქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნოთ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორებული.”