ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

798. “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, – მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

799. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, – მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

800. “რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად, შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

801. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, – შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

802. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, – ნუგეშინი-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

803. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

804. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა მიზგითას და გაპარვა მისი

805. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

806. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენად-ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

807. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

808. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა! მონა სტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ჰღვარნა, – პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

809. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

810. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვეზირი გულის-გული.

811. “თუ რად გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე, მართლად უსთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლავდე”.

812. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

813. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან სთქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

814. რა ვეზირი არ შევიდა, კვლავ მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; სთქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

815. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.