ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

914. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

915. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი: იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა-მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი; გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

916. “ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

917. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

918. მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა – დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

919. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს; მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

920. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

921. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, – არ ნაქმარია მთრვალისა – არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

922. “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა. ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

923. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

924. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა: შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

925. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით; სდევს ფათერაკი მიჯნურსა, – გაჭვრიტეთ, გაიცადენით– თქვენ ერთმანერთი არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

926. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია, – ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! – ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, – უწვრთელი ვირია.

927. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

928. “მან მიბრძანა: “მადრიერ-ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვარლ-ვარ და არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო? – “რად, მოველო ჯაბან-ხრდლურად?”

929. “მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: – მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; – ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი? შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

930. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა; მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

931. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მზგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

932. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს, ჭმუნვა გაადიდე.

933. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.