ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

1589. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1590. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან, მასთანა ტახტსა დასჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1591. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1592. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1593. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდაჰხდეს, გავლეს სოფელი, ჰნახეთ სიმუხთლე ჟამისა; ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა.

1594. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამაგრებლად.

1595. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე, სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1596. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი; რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, – ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1597. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.