ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

740. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

741. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო, რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო”. ჰსჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

742. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ! ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

743. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჰხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვეზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გიჰნახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გიჰნახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

744. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს, აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; – ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

745. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან, აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან! ჰსჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან, ჭირნი მისგან უნახავნი,დია ვისმე გამოსცდიან!

746. “აწ, ვეზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს, არ გატინდეს, ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

747. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად, ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

748. ვეზირმან სთქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა ჰსჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

749. რა ვეზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

750. მეფემან ჰნახა ვეზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.

751. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

752. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლავ მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მიჰნახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

753. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა, შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა, – ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

754. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

755. “ჰხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.

756. კვლავ უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი, შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

757. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

758. ვეზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

759. სთქვა: ”ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”