ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

761. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მენუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? და სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

762. “მოვახსენებ ერთხელ კვლავცა, აწ რაზომცა მეფე სწყრების, ნუ-თუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, და მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

763. მოიუბნეს, ვეზირმან ჰქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი, მისნი მყოლნი აღვეავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი. და გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

764. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, და სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

765. მე ვითა ვსთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი,– კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი. ასრე უნდა მოხმარება, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი, და ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

XX. შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან, ოდეს გაიპარა.

766. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი, “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი. და მქებრად ამბისა მათისა ჰხამს მკითხავი და მსმენელი.“

767. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა,– მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა! უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! და რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა.

768. “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს გული, მისი უნახავი, სტირს და სულ-სთქვამს, ვაებს, უშობს, და ლხინსა არას არ იახლებს,ჰკრთების,კუშტობს, ვაშობს, უშობს.

769. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, და გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

770. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა, აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა; რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, და შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

771. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, და სამსახური აქანამდის, კვლავ გავლენა გააკვლადე.

772. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენნი კვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების,– და პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

773. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა ჰსდინდი, მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი.

774. მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი, და წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რაცა გინდი.

775. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგ ზომ დიდი, ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი! და ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

776. “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა? და გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

777. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად, არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად. და ასრეა ესე სოფელი, შესჯერთი კვლავ შეჯერებად.

778. “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჰხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, და მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

779. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა მოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად? და მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად.