ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

721. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” და ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

722. ვეზირმან ჰსცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,– ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი-ჰსცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: და “ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

723. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან და სთქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

724. დაჯდა. მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს; და გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

725. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, და გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების!

726. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა, მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა,– და ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

727. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; რადგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა; და მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა;

728. “ოდეს წამოველ, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლავ მოვალ, გჰნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა” და ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ცხელითა.

729. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, და რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა.

730. “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? და მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა ჰსრასა!

731. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, და გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახემან.

732. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების და ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გასტყდების.

733. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იჰქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. და არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.

734. კვლავ პირ-მზე ეტყვის ვეზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო, მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, და ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირვო”.

735. ვეზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია, შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, და ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

736. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს და არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

737. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო, რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო”. და სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

738. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ, რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ,– და ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

739. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჰხამს, თუ დანა გულსა ვიცი ჰე, ვეზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ – თუ იცი, ანუ სხვაცა არ გიჰნახავს მოყვრობა და არცა ფიცი, და თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი.

740. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს, აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს და ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.