ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

718. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყუისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყუითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეო, პატიჟნი ნახე ძებნითა ვისითა?”

719. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა,ჟამ პირველ გარდასრულისა . ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყლითა რწყულისა, მუნ პირი, მგზავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკლულისა.

720. “მუნ სარო, მგზავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მინები; იტყუის: “დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კულა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

721. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთულის, ჭირსა, მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩანს, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

722. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების: მისსა მნახავსა ნახული სხუა არვინ მოეწონების; თუალნი მჭურეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

723. წურილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქუაბი აქუსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად." “ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

724. მზესა რა ესმა ამბავი, მიხუდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთუარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყუის: “რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

725. ყმა ეტყუის: “ვის აქუს მინდობა კაცისა მამცქაფავისა? მან ჩემთჳს დაწვა თავისი დადვა, არ-დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქუამს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

726. “ჴამს მოყვარე მოყვრისათჳს თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათჳს, სიყუარული გზად და ჴიდად; კულა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

727. მზე ეტყუის: “მომხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყუარულისა გაქუს, ჩემგან დანერგულისა, ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

728. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხუდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. მაშინ ჭირი ჩემზედა აწ ასე ლხინი უხდების, რადგან შვება აქუს სოფელსა, თჳთ რად ვინ შეუწუხდების?

729. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ჴამს გასრულება მოყურისა სიყუარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა – ცოდნა ჴამს უვიცისა, ჩემი თქუი, რა ვქნა ჴელ ქმნილმან, მზე მამეფაროს, თუ, ცისა?”

730. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყუარული, ქუეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვაჲ და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

731. “ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესურის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით ღა სჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი!

732. კულაცა ჰკადრა: გავიგონე,შენ ამბავი რაცა ბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთჳს სრულად დააგვანე: სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

733. ყმა ტბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ჴელის მჴდელი, ამაზ ედან ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტნი, სრულ ქნა მისი საწადელი, ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

734. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს! მისსა მჭურეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს– ვაჲ მოყურისა გაყრილსა ახიოს ეყოს, ახიოს!

735. ყმა მხიარული, წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა; მისნი კბილნი და ბაგენი დააშვენებდეს ღიმილსა; რა მოეშორო მოყვარე, თუალთაგან დასდებდა მილსა; მუნით ადენდი წყაროსა, სოფლისა დასაწვიმილსა.

736. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭურეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის მეტითა. იტყუის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, ჩემთა სისხლთა ხურეტითა!”

737. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს; რა ღრუბელი მოეფარვის, მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყურისა მოშორვება კულა აბინდებს, არ ადილებს.