ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

698. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასვდა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!" დიდებულთა თაყუანის - სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს-ა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

699. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგას მუნა გებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი და შვებული. ენა მის დღისა შვებასა ყოლე ვერ იტყვის კრებული.

700. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული, ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თუალ დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთჳს დარბაზი და ხული”

701. მუნ ამბავი შინაური ყუელაკაი მოაჴსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

702. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა ქნად კულა ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

703. შესთუალა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდებით, აწ ვსცან და გაცნევ ყუელასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

704. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თჳთ მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

705. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყუელაი დამოსა.

706. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მამავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ მჴურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგი გვანდა ვითა მთურალსა.

707. რა მიეახლა, გარდაჴდა ყმა, თაყუანი სცა მეფესა; აკოცა როსტან, მეფემან ნიშატთა სიიეფესა; გულ მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

708. მას ავთანდილ თაყუანი სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

709. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭურეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

710. სმა გარდაჴდა, თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

711. “მას ვაჴსენებდე, ნუ გიკუირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! მზე თუ ვთქუა მგზავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ ისა!”

712. რა ჭირი კაცსა სოფელმან დაუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მჴსენებმან, ღაწვი ცრემლითა ბანა მან, წურილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

713. “ქუაბნი წაუხუმს, დევთათჳს სახლად აქუს დევთა სახლები, საყუარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ტანს ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უცს სტავრა ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ ახლები”.

714. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თუალად არ დუხჭირისა, იამა; ქება ვარდისა ჴელით მძლედ დანამჭირისა, “ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

715. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა. მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ მოწყენითა, კულა საწოლს დახუდა მის მზისა მონა სიტყუითა ბრძენითა: მისლვა ებრძანა, იამა, თქმა არ ეგების ენითა.

716. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორთ ლომთა თანა მოარული, ფერ ნამკრთალი, ყმა– სოფლისა ხასიათი, ჯავარ სრული მრავალ წყალი, მაგრა ჰქონდა გულისათჳს გული გულსა განაცვალი.

717. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ჴამს, აქებდეს ენა ბევრი!