ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

640. “მათნი ლაშქარნი გაგუექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით. ფიცხლა წაუღეთ ქალაქი, არ თავნი ვააზატენით; ქუითა დავლეწეთ წვივები, ჩუენ იგი გავანატენით. მამკალით, ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

641. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თჳთ ორნივე ბიძა ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღუარნა, ველთა ასხნა; ჩემი თქუეს, თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

642. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყუელანი ქებასა შეგუასხმიდიან, გუითხრობდეს: “მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

643. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიჴმობდეს მეფეთ მეფობით, თჳთ თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვერ ოდეს ვარდსა მკრეფობით, ჩემი ვერ სცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

644. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობად გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე: ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, ერთი რამე საკუირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

645. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, ზღვათა შიგან იხუსა ჰგავდა, ჴმელთა ზედა შავარდენსა, აქა ვდეგ და თუალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

646. “ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გონებასა გავეკუირვე ამა ორსა:

647. “ვთქუი: რა არის, რას ვამგზავსო? ფრინველია, ანუ მჴეცი? ნავი იყო, გარ ეაფრა სამოსელი მრავალ კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თუალნი ამად დავაცეცი, მთუარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

648. “ამოძურეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან გაანათლა ქუეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

649. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქუი: წავიდე მათკენ მე წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

650. “ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა, ვეღარ მივესწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მიველ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლოდეს, ამისთჳს დავეწვი ალსა”.

651. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. უთხარ: “მამკალ, უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ის ხე!”

652. “ესე ჩემგან გაუკუირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა. თუალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოსთოვა.

653. “ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად! მოვაჴსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად! იგი მთუარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი დაგად; აწ გიამბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

654. “ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

655. “კულაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახურსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგაწუხებს.

656. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს უთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მგზავსი სოფლად არა მომივლინა, მაშა, რადგან შეგემეცნე, ამის მეტი რაღა მინა?

657. “არ ავი გესვა მოყუარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად, ენა, გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ დამყოვნებლად წამისად”.

658. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს ღა ამას რომელი? მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთჳს მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქუენსა მდგომელი.