ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

835. ღმერთს შემვედრებენ მრავალნი გლახაკნი გულ მჴურვალები; დამჴსნას ჴორცთა და სოფელსა, ნუმცა რად შევიცვალები; კულა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები; მომცეს მკუიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები.

836. დამჴსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა; მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა; ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა, ფრთენი მამესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

837. “რაცა თქუენთჳს არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ჴიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთჳს წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

838. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას გარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის!

839. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქუს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინი ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა, ნუ დაადინებ თუალთაგან სისხლისა ცრემლთა, ფრქუეულსა.

840. დასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთჳს მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა! სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!–

841. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

842. ყმა შეეკაზმა წასავლად, ცრემლითა მოერწყო ველი, მზე წავიდოდა, დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი; ჴამს შეპოვნება მაღლისა, ვინცა არს ჭირსა მოველი; მიზგითას მივა ღმრთისაგან გამარჯვებისა მთხოველი;

ლოცვა ავთანდილისა

843. ილოცავს, იტყუის: “მაღალო ღმერთო, ჴმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო!

844. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქუენათ ზესა, შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა ნუ აღმოფხური სიყუარულსა, მისგან ჩემთჳს დანათესსა!

845. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენად მსხვერპლსა შევწირვიდე”.

846. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა; პატრონისა ვერა მჭურეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

847. მოსთქვამს და იტყვის: “ ვაჲ მზეო, შენი ადგილი ჩრდილდები; შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთჳს აღარა დილდების; მე მანდით მესურის ისარსა, ერთიცა არ ამცილდების, გამყარე ლხინა ყუელასა, აწ თუალთა ცრემლი მილდების.

848. აწ ამბავი სხუა დავიწყო, ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ჴმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

849. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მაჴსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, ეზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის გული.

850. “თუ რად გაჴსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგჴადე! მართლად უთქუამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესე გვარსა ნუოდეს იქ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქუი და სიტყუა გააკულადე”.

851. კულა მოაჴსენა ვაზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთუალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! კულა მაგის მეტად ნუ მასმენ, თუარა მე სრულად გელევი!”

852. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი. მან თქუა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მაჴსოვან დღენი წინანი, ვინცა ღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვსთქუი, მასცა ვინანი”.