ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

623. “ვთქვი, – რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოჰზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უსჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

624. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოჰსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

625. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ იახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, – წავიდე მათკე მე, წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

626. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და სრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის-პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

627. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. მომკალ თუცა უჩემოსა ეჰნახამცა ვისცა ისც ხე!”

628. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა, მაგრა მეტად შეველბრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეჰპოვა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოჰთოვა”.

629. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიანბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

630. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

631. “კვლავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა-მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.

632. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა, ვითა ღმერთმან შენი მზგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა.

633. “არავინ გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად; რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერდამყოფელი წამისად”.

634. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს-და ამას რომელი: მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი?! მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი, ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

635. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდაჰხდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!”

636. “ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლავ უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია, მუნამდისცა მოიჭირვე, – გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

637. “კაცნი იხმნა მასვე წამსა,ესე საქმე დავიურვეთ, უბრძანა თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ, თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ”.

638. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს, – უმისოდ ლხინი მიჰნახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

639. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა!”

640. “რას ვაგრძელებდე, მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელნი.

641. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

642. “მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”