ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

465. ,, ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა; მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!». წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

466. ,,მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია, ებრძანა: « რა შენ გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წავიდეთ , თუცა დაშვრომის ჟამია».

467. ,,შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

468. ,,იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: «ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

469. «აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული».

470. ,,მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

471. ,,ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, – მათრლად არს, არ კატაბანი.

472. ,,რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

473. ,,მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

474. ,,ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება».

475. ,,ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა». თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

476. ,,შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა, არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

477. ,,მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

478. ,,დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!». თავი ხარიან, მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

479. «აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან».

480. ,,მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანის- ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი, ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

481. ,, კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

482. ,,ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

483. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: «თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია». მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.