ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

446. ,,მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ-ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

447. ,,ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.

448. ,,გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, სისხლითა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე».

449. ,,რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?».

450. ,,რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე».

451. ,,მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

452. ,,მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად».

453. ,,საჭურჭლენი გარდავნახენ თავის - თავის, კიდის - კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

454. ,,ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

455. ,,იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, – ყველაკაი წვივ-მაგრობდა.– დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა.”

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

456. წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, – თუცა მათ ეცა ზიანად; – ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან–ტყვიანად».

457. ,,რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

458. ,,ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

459. ,,ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

460. ,,მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით».

461. ,,რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

462. ,,მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: «შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?».

463. ,,მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა». რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა».

464. ,,ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.