ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

407. «წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!»

408. ,,მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

409. «აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

410. ,,ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: «უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა».

411. ,,დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანერთსა ვეუბენით ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

412. ,,მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!».

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

413. დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა». სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

414. ,,დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: «ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია».

415. ,,მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; «გითხრობს, გკადრებს: «ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

416. «რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია».

417. ,,გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი,– ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით,– არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

418. «ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა».

419. ,,მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».

420. ,,მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი».

421. ,,სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა».

422. ,,კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი». მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი».

423. «მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. «შენსა ნახვასა მეფენი,– თქვეს, – მართლად ინატრიდესა».

424. ,,მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები». მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

425. ,,კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: «დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.