ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

335. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

336. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

337. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

338. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

339. “მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

340. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა;” ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა; ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, – “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

341. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნა ინდოეთს მფლობელთა; შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

342. “მათ საჯდომთა ახლოს დამჰსვეს, პატივს-მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გაუმიჯნურდა.

343. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

344. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა; მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

345. “მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჰხდა მე საწუთროსა ვალისა, – ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

346. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, – მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა; ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

347. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, – ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

348. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით სთქვეს: “მკლავნი ცუდ ჰქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”

349. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა სთქვა, – სევდამან გული შეუპყრა დარია – დასჯდა და მწარეთ სულ-ითქმან ცრემლი მიწასა გარია, სთქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

350. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

351. “დურაჯნი მთხოვნეს; გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა! რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

352. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხნეს, სენითა მსთქვეს გამაბელზებელითა.

353. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.