ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

372. ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა! დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაგზავნა.

373. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

374. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

375. კაცი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

376. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, – ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

377. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

378. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა; ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა; წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

379. ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

380. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

381. დიდ-ხანს ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

382. ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

383. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

384. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

385. შევსჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

386. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად.

387. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”.

388. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

389. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.