ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

354. “კაცი მოვიდა მეფისა, - სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება; მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

355. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

356. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

357. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

358. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, – “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

359. „ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა – ქმნათა აუგისა საკრძალველად.

360. „კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.”

361. მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა; გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა; ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

362. ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისადმი მიწერილი პირველი.

363. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

364. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია; ხატავეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

365. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

366. “მართლა გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი.

367. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

368. ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

369. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

370. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

371. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.