ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

334. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა სთქვა, – სევდამან გული შეუპყრა დარია – დასჯდა და მწარეთ სულ-ითქმან ცრემლი მიწასა გარია, სთქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

335. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

336. “დურაჯნი მთხოვნეს; გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა! რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

337. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხნეს, სენითა მსთქვეს გამაბელზებელითა.

338. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

339. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჰჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

340. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რა გვარია: სამკურნალო არა სჭირს-რა, სევდა რამე შემოჰყრია;” ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

341. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი: მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი.

342. “ვთქვი თუ, “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

343. “მე წამოვჯე... მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოსჯდაო”, დედოფალი გამოჰრბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა; იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

344. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

345. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”

346. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

347. “მონაავო ასმათისა,” “რა იცისო” ვარქვი, “ჰკითხე;” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე! მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

348. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

349. “დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე, მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, – მაშინ დავიწყე გარდაჰხდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

350. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

351. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ სთქვას:– რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა; გულსა შინა დავუზრახე,რა მჰპოვაო, ანუ ვინა!

352. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ-ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

353. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.