ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

216. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჰხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

217. “რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, – მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად.

218. "მე იმა ყმისა საკრავად ხრმალსაცა ვით მივსცე ნები. არ მოვკლავ, არცა მოვკვდები, არც ვავნებ , არცა ვივნები, შორის თვალითა მივსწურავ, უკანა დავედებნები.' იარეს გავლეს მრავალი მინდორი, შამბი, ხევნები.

219. ავთანდილ იტყვის:ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, "რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

220. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

221. დღისით ვლეს და საღამო-ჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

222. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა, მოჰნახა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

223. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის-ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

224. ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს”; ესე სთქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

225. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხვევოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა, ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

226. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჰხდა გამოსრულობა.

227. ავთანდილს უკვირს, – “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

228. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ესჯდა. ქალი სტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლესჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შესჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლავ უფრორე დაიღრესჯდა.

229. ავთანდილ ახლოს კვლავ ჰნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ თუ მზეაო”, სთქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

230. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეიარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, სთქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

231. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო; ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო”.

232. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შესსჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

233. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

234. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

235. ეტყოდა: “ჰსულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.