ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

354. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჰჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

355. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რა გვარია: სამკურნალო არა სჭირს-რა, სევდა რამე შემოჰყრია;” ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

356. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი: მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი.

357. “ვთქვი თუ, “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

358. “მე წამოვჯე... მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოსჯდაო”, დედოფალი გამოჰრბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა; იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

359. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

360. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”

361. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

362. “მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქვი, “ჰკითხე;” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე! მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

363. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

364. “დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე, მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, – მაშინ დავიწყე გარდაჰხდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

365. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

366. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ სთქვას: – რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა; გულსა შინა დავუზრახე,რა მჰპოვაო, ანუ ვინა!

367. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ-ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

368. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

369. “კაცი მოვიდა მეფისა, – სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება; მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

370. “დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

371. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

372. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

373. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, – “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.