ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

158. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე, ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოჰყარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

160. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, – ესე სიტყვა რად მიბრძანე? რა გვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! ჰსჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

161. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად, – რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ-უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრითა დასაჭრელად.

162. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა; კვლავ ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

164. დასწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო.

165. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მა რასა, თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. “საქმე რამე მიც თავსაზე, სამე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

168. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი; ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი; ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

169. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა; წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაჰზმა.

170. ჰბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ ა.

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. – ვინმცა ჰნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერ-მკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან ჰრბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

173. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დაჰნერგვიდეს,” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

174. შერმადინ ერთგან შეჰყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

175. შერმადინ სთქვა, დიდებულნო, მართალხართ თუ ცრემლსა ღვრიდეთ, მაგრა გვიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ, არ დავაგდოთ სამსახური, მის წინაშე არ დავსწბილდეთ, ცხადად გვინდეს სიხარული, სამძიმარსა გარდავსცვლიდეთ".

176. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.