ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

175. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა; წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

176. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

177. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკკიდა? მისი ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

178. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

179. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

180. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

181. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის- სცა.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

182. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს; ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

183. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

184. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

185. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

186. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

187. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

188. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.

189. მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა; მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

190. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, არა იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს”, – კვლავ ამისთვის გულმოშიშობს, “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

191. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

192. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

193. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი მე, სხვაგან სადმე რებული!” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.