ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

253. რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება; კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

254. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

255. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად; გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

256. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

257. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი; წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

258. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე; არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

259. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები”.

260. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

261. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

262. “აწ, დაო, შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

263. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

264. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

265. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

266. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

267. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

268. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება, უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

269. ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან მოგცა, ჟამად რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

270. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

271. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

272. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.