ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

59. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა. ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

60. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

61. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

62. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”

63. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

64. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, – ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

65. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

66. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამას ზეო”.

67. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა!

68. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო?– ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

69. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად-რე სიცილით უთხრა ავთანდილს:,, შვილად გზრდი მით შე-ვე-მკადრე იცი არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემამიხვე ზედად-რე თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე

70. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუღა იქმ შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

71. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

72. კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, – - ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

73. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

74. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

75. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

76. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

77. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!