ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1637. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1638. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდიან, ამას ხმობდეს.

1639. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, – ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1640. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1641. დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით: ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”; თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით, “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით”.

1642. ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: “შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა, ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა ცრემლ-ნადენსა”.

1643. დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, – ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

1644. ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

1645. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი! თვითოს კაცსა თვითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

1646. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს, მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს.

1647. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, – მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1648. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”; მან თაყვანი- სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია, წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

1649. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1650. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

1651. მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გაწყრები: თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები, მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები, ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.

1652. კვლაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები; გვახსოვან შენი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები, სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ქმნა ჩემგან გაზრახულები, ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-მახულები”.

1653. დაჰმორჩილდა, მოახსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”; მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია: ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია, იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.

1654. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია;– რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! – მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1655. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1656. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.