ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1618. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, — ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1619. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ლამიან”, – არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1620. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1621. მაშიღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის- ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია”.

1622. კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1623. ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1624. რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კვლა დაიზახნა ტარიელ, უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭვდნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1625. დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1626. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო”, ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, – “ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.

1627. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1628. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი, მე რა ვქნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარსადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწყურნა, “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.

1629. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები? ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ-ერთხელები.

1630. რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1631. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1632. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დავცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1633. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო: ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1634. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1635. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1636. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი, ერთმანეთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი, ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!