ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1598. ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია; ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1599. “იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემი ხრმალთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”. ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდეს ფერხითა ცვეთანი”.

1600. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს; ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1601. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” — ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1602. მათ მოახსენეს: “ტურფაო, ჩვენ– ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა, — მოვლენ გულითა ქებულნი”.

1603. “უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდიღა დაღრეჯანია.

1604. «დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1605. «აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან: პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან? მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან»

1606. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს ჰადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: “მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს”.

1607. ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია; დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია; არაბთა, იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია, ფრიდონ-მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1608. ცოტაი წავლეს, გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი; შეტევებასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი: ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი, მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდა დანანი.

1609. ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა; მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა ვინცა გხვეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა! გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1610. “დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს ფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

1611. “ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია; თავები დასჭერ, ადინე, სისხლი მართ ვითა ღვარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია”.

1612. ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა; ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა! ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა.

1613. კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მისთანაც არსა, ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაესხნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა, წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა.

1614. ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე: ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე: “ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.

1615. ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია; “აღარ დაგხოცო”, უბრძანა, — ძლეული შიშმან თუ ლია, — “წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია, ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.

1616. თაყვანი- სცეს და დალოცეს, ყოველთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შევედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს; ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1617. ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივ ღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.