ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

1618. კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მისთანაც არსა, ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაესხნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა, წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა.

1619. ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია; “აღარ დაგხოცო”, უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, – “წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია, ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.

1620. თაყვანის- სცეს და დალოცეს, ყოველთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დაჰხსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს; ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1621. მათ ლომთა ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1622. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, –ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1623. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ჰლამიან”, – არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1624. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1625. მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია”.

1626. კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1627. ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1628. დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1629. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო”, – ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, – “ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.

1630. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1631. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი, მე რა ვქნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, არღასადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწყურნა, “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.

1632. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, მას მზესა ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით-ხელები? ჩვენ ყოვლთა გვმართებს ,,ნეტარძი” ათასი, არ ერთხელები.

1633. რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1634. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1635. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითა ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დავცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1636. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო: ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა