ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

1501. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1502. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1503. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1504. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1505. მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა; ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1506. მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყვიან არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1507. უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები. კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები, აივსო კაცი ყველაი მაშინ მათთანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1508. ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1509. ფრიდონ მდაბლად თაყვანის- სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1510. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყოვლისა საჭურჭლისად; აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთად წავლად გზისად, ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1511. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1512. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა; შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1513. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1514. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1515. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1516. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1517. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენნი მზანი!”

1518. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1519. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

1520. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.