... (A-855), XIX ს.

1502. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს

1503. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა

1504. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა დია ღმერთო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა

1505. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა კვლა მეფემან თაყვანის სცა, წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა

1506. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნენ მასცა განა წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა მოჰყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა

1507. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაფარვიდა

1508. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან რათგან მერჩიო ნუ მერცხვი, გაე რასაღა გრცხვენიან

1509. მოეხვია გარდაჰკოცნა, მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკე არე მარე

1510. მეფე ყელსა ეხვეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა, ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1511. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ

1512. ტარიელსცა მოაჴსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს რაცა ძებნეს ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს

1513. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ მიხვდომილმან

1514. ეტყჳს მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი, არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო

1515. გაჰკჳრდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა, თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისციან, გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა

1516. შინა წავიდეს ყოველნი, შინა თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად

1517. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა, ჰშვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა, ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ჰინდოთა, იგი მზე მსგავსი გმირისა

1518. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააჰამეს იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბადახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს

1519. თინათინ ზედა აწვივა, ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს, მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა, გვერდსა შენ მზესა მზეთასა

1520. ორთავე ჴელი მოჰკიდეს, და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა

1521. ქალსა შეჰსწბა გაუკვირდა, ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა, შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან, გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა