ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1415. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა; მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1416. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო, დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი; მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი.”

1417. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა.”

1418. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო, რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1419. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1420. ფატმან ხათუნ თაყვანი სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: “მე, მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა; ახ, ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”

1421. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი ნაჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1422. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო.” მეფემან ჰბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო, წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო.”

1423. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა; გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ჰღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა; ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1424. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენისთ მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უვიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1425. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაჰგზავნეს მახარობლად, კვლავ ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად: “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად.”

1426. იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა; მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1427. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები; ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები; აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1428. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ სიძვირითა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1429. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, – ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი – სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1430. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღვთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უძს განკურნება”.

1431. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის: ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1432. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ჰზრავს იანვარია.

1433. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ჰნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებთ, რასათვისმცა ივაგლახეს!

1434. ვინ ღირს ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა, თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა;” კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”