ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1396. გზანი დახვდეს შეკაზმული, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა; ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1397. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნენ.

1398. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი, კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი; აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1399. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა.

1400. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1401. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა; რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1402. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები; სამი-ათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები; იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1403. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია; წამოიყვანეს იგი მზე – მათიღა წაგვრა ძნელია – ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია – თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაძს მისი გარდუხდელია.”

XLIV მისვლა ტარიელისა ზღვათა მეფისას და ფრიდონისას

1404. ზღვათა მეფესა წინაშე გაჰგზავნა მახარობელი; შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1405. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია!

1406. მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე; მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1407. თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოჰგზავნოს, – იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა– მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად-ღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1408. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბჭობელსა, მაშინვე შესჯდა, არ უნდა მისლვა სხვასა-ღა მხმობელსა.

1409. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1410. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა: ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1411. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი”.

1412. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამჭკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი; მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი.”

1413. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა; ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ, ვითა ხიდსა.

1414. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ- დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.