ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1376. სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები, მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1377. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით ყოველნი, მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისად, თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად.”

1378. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადთ ომი ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა.

1379. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა! ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1380. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები; სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით; ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1381. ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ ბარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანი მივცეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.“

1382. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1383. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა, ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1384. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1385. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა, მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დაჰლივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1386. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა სწვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1387. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომლნია; აწ იყურები, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია.

1388. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვათ კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები, მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები; გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1389. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდათ, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1390. ანაზდად ცხენი გაჰქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰხდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1391. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღვთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა; ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1392. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ჰფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა; სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიკრეხე ციხეს სწრაფისა.

1393. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად ამოწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს; სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1394. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიელისა; ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1395. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული; ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული.”