ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

1404. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1405. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: ,,საქმე არს მისეული”.

1406. გზანი დახვდეს შეკაზმულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1407. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1408. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1409. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1410. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხეს.

1411. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1412. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1413. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია; ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქვეს: ,,ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა

1414. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი; შესთვალა: ,,მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1415. ,,აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1416. ,,მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1417. ,,თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

1418. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1419. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1420. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1421. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: ,,ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1422. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ-გამწყრალი: ,,ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი”.