ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

1290. ,,შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1291. ,,ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1292. ,,მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!

1293. ,,მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,ჩემსა სიყვარულსა!

1294. ,,წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1295. ,,რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1296. ,,აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1297. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1298. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი, წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა მადლობს, ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1299. ფატმანს უთხრა: ,,გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1300. ხათუნმან უთხრა: ,,ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1301. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი; უბრძანა: ,,მკვდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1302. ,,მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1303. ,,ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1304. ,,სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა; უბრძანა: ,,წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი

1305. დაწერა: ,,ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1306. ,,ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ-სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1307. ,,იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1308. ,,გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.