ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

1501. ტარიელცა თაყვანის- სცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: ,,შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1502. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის- სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1503. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: ,,მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

1504. ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა, ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1505. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1506. ,,მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1507. ,,აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1508. ,,თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1509. ,,ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა, ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1510. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა: ,,ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1511. ,,ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!

1512. ,,მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა, რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი სჯერა!

1513. ,,თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1514. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანის- სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.

1515. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1516. მეფე ადგა,მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა!?

1517. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: ,,ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი,გაე რასაღა გრცხვენიან!”

1518. მოეხვია, გარდაკოცნა მან პირისა არე-მარე: ,,დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა-რე, გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1519. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1520. ყმა მეფესა მოახსენებს: ,,მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.