ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

1300. მონახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუღარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი ჩაჰსდის სისხლისა ღვარისა.

1301. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა”.

ავთანდილისაგან გულანშაროით წასვლა და ტარიელის შეყრა

1302. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1303. მოწურვილ-იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულთქნა, რა ჰნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1304. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა, ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა:“გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1305. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ჰნახის, დახოცის ლომ-ვეფხვნი მოშამბნარენი.

1306. ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, სთქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია”.

1307. “თუ მოსულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო “.იგონებდა, იხედვიდა, ესე სთქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1308. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჰსჩნდა მზე სინათლითა სრულითა, შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1309. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხმალსა სისხლი ჰსცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი ჰსდგა, – ცხენი არა ჰხლებოდა – ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეჰხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1310. ხმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1311. ტარიელ მოჰსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: – სისხლისა ცრემლმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები: – “რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები”.

1312. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის სჭკნებოდა”.

1313. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მიჰნახავს, ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია”.

1314. რა ტარიელ არ შეჰსჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა; გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა; რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1315. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1316. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1317. ავთანდილ დაჯდა ტირილად, სტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1318. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისა მჭვრეტსა “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა, ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.