ვეფხისტყაოსანი, 1941 წ.

1253. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდია ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1254. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1255. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები; ”რაც გეწადესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1256. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1257. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1258. ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1259. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო-ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან იხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1260. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1261. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1262. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1263. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,– მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1264. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1265. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა.

1266. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1267. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1268. ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1269. “აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანთანა

1270. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1271. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.