ვეფხისტყაოსანი, 1941 წ.

1233. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მასად ჩვენთვის მოუცია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1234. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1235. “მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.

1236. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1237. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა: ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა?” მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.

1238. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1239. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1240. “როსანს შევრთოთო”, დულარდუხტს მეფესა უბრძანებია: ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1241. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1242. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1243. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები!”

1244. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

1245. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1246. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1247. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1248. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს, დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1249. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1250. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

1251. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1252. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.