ვეფხისტყაოსანი, 1941 წ.

1194. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1195. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1196. “მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1197. “ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1198. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

1199. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვევო” შემანანა.

1200. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, სადამდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

1201. “შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

1202. “დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1203. “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

1204. “მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1205. “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

1206. “ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!

1207. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1208. “აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1209. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1210. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1211. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1212. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს: ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა