ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

1165. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1166. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია”.

1167. “მისალამეს, “ფატმან,”– მითხრეს – “ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მზგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა;” ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1168. “მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1169. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ რულად; ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1170. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია, – ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1171. “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოჰყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1172. “შეველ საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

1173. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი, იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1174. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ჰნახა მეფემან, საროსა მზგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1175. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად!”

1176. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა.

1177. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1178. “მეფე ჰბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1179. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1180. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1181. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1182. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა; მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1183. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1184. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.