1052. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი; საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.
1053. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი”, თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.
1054. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.
1055. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
1056. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ჰნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!
1057. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
1058. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
1059. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
1060. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
1061. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.
1062. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
1063. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.
1064. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
1065. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.
1066. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.
1067. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.
1068. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.
1069. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა, სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.
1070. ზარი გახდა, შემოკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: – “ვუჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.