ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1144. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ ვუთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, კვლვ შევიდი,კვლავ გავიდი.

1145. “ვთქვი: “თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების, არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების!

1146. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა; მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1147. “მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1148. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა...”

1149. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი; უსენ გაჰკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1150. “ვთქვი, თუ: “არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა”.

1151. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა?”

1152. “რაცა ვკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1153. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ჰზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლავცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1154. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვესთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1155. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!”

1156. “მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულ-თქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1157. “რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლიდან მეფე ჩვენი. მივეზირებ, წავალ, ვჰნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი;” მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1158. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაჰზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლავ შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!”

1159. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ჰნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1160. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლავ შეჰსვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! – მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1161. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1162. “თაყვანი-სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის, ოქრო თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა! მბოძებია თქვენგან მეო.

1163. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მზგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.